Google Visitor Experience-ში, Google-ის კულტურის მნიშვნელოვან სივრცეში, Gradient Canopy-ში პირველად გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩვენი კვების პროგრამა. ახალი Cafe @ Mountain View ჩვენი პირველი საჯარო სადილობის გამოცდილებაა, რომლის საშუალებითაც ჩვენი საზოგადოების წევრებს შეუძლიათ საკვების შეძენა და ჩვენი მდგრადობის პრიორიტეტებსა და ძალისხმევაში მონაწილეობა პლანეტის მხარდასაჭერად.
1999 წლიდან ჩვენმა კვების პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Google-ის კულტურის ჩამოყალიბებაში კრეატიულობის, თანამშრომლობისა და საზოგადოების მშენებლობის კუთხით. გემრიელი და სასარგებლო საკვების სახალისო გარემოში შეთავაზებით ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და იდეების გაზიარებას. ჩვენი სადილები შთაგონების წყარო გახდა მრავალი ინოვაციისთვის — მათ შორის, Gmail-ისთვის, რომლის იდეაც დაიბადა ჩვენს ერთ-ერთ კაფეში ლანჩზე საუბრის დროს.
Google-ის კვების პროგრამა ყოველთვის ორიენტირებული იყო საზოგადოებაზე, ჩვენს კამპუსებში გაერთიანებების შექმნასა და დაკავშირებაში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კულინარიული პრინციპია ჩვენს საზოგადოებაზე ზრუნვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ კვების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები მყისიერ გავლენას ახდენს Google-ში და მის გარეთაც. ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ დადებითი ზეგავლენა მიწოდების ადგილობრივ ქსელებზე და ჩვენს პლანეტაზე არათუ მენიუს შექმნისას, არამედ საკვების ყიდვის მდებარეობის არჩევისას და კერძების მომზადებისას.
ჩვენი კვების პროგრამა პროგრესიული პარტნიორული იდეებისა და მდგრადობის ინიციატივების მამოძრავებელი ძალაა, რათა დადებით ცვლილებას ჩავუყაროთ საფუძველი და მომავალში კვების უკეთესი სისტემები წავახალისოთ. ჩვენი კულინარების გამორჩეული კერძები შთაგონებულია ადგილობრივი, სეზონური ინგრედიენტებით, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ადგილობრივ მომწოდებლებს. ჩვენ გულდასმით ვამოწმებთ ინგრედიენტების მომწოდებლებს და ვთანამშრომლობთ მათთან, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მათ შორის, მდგრადობას, მრავალფეროვან ბიზნეს მფლობელობას და საზოგადოებრივი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი ნახშირბადის ნაკვალევის შემცირების მიზნით, უპირატესობას ვანიჭებთ მომწოდებლებს, რომლებიც მისდევენ რეგენერაციულ სოფლის მეურნეობას, გადამუშავებასა და მინიმალურ შეფუთვას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივ პროდუქტებს ვარჩევთ საჰაერო გზით ჩამოტანილი პროდუქტების ნაცვლად. ამგვარად, ჩვენ ვუბიძგებთ საკვები და სასმელი პროდუქციის ინდუსტრიას პასუხისმგებლობიანი საქმიანობისკენ, რაც გულისხმობს იმ გარემოსა და საზოგადოების მიმართ უფრო კეთილგანწყობილებას, რომლებიც გვაცოცხლებენ.
ინგრედიენტების მომარაგების გარდა, ჩვენს კვების პროგრამაში ორ ძირითად მდგრად პრაქტიკას ვაქცევთ ყურადღებას: საკვების ნარჩენების შემცირებას და ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების აღმოფხვრას. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული საკვების დაახლოებით 35% — ანუ, დაახლოებით, 60 მილიარდი კგ საკვები — იკარგება ყოველწლიურად. Google-ის მდგრადობის მიზნების მხარდასაჭერად, ვცდილობთ, 2025 წლისთვის საკვების ნარჩენები ნულოვანი რაოდენობით აღმოჩნდეს ნაგავსაყრელებზე. როგორ? ჩვენ გვაქვს სამნაწილიანი მიდგომა, რომელიც მიმართულია ნარჩენების პრევენციაზე საკვების შეძენისა და მომარაგების ეტაპზე, ჩვენი სამზარეულოების და კაფეების გაუმჯობესებაზე ტექნოლოგიის გამოყენებით ნარჩენების შემცირებისთვის და ზედმეტი საკვების სწორად გადამუშავებასა თუ უტილიზაციაზე. 2014 წლიდან 2021 წლამდე ჩვენ თავიდან ავიცილეთ თითქმის 4,5 მილიონი კგ საკვების ნაგავსაყრელებზე მოხვედრა.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ პლასტმასის შემცირებაზე ჩვენი კვების სივრცეებში. ჩვენ ვყიდულობთ პროდუქციას დიდი მოცულობით და, შესაძლებლობის ფარგლებში, ვირჩევთ ინოვაციურ და მინიმალურ შეფუთვას. გარდა ამისა, პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის დავიწყეთ მავთულის კონტეინერების გამოყენება. ჩვენ ასევე შევისწავლეთ, როგორ შეგვიძლია ახალი იოგურტის ჩამოსასხმელის კონცეფციით ჩავანაცვლოთ ერთჯერადი იოგურტის ჭიქები და გავუმასპინძლდეთ სასუსნავებით დიდი მოცულობის კონტეინერებში, რათა თავიდან ავიცილოთ ერთჯერადი შეფუთვის ნარჩენებად ქცევა.